ელეგია
მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელ ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.
არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!
ვიდექ მარტოკა და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება.
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი!
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!
მას აქეთ რაკი...
* * *
მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,
ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება!
შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული,
ღამე თენდება ეგრედ ჩემი და დღე ღამდება.
დაჟინებითა ფიქრი ფიქრზედ მოდის, გროვდება,
გრძნობა გრძნობაზედ შეუპოვრად იძვრის ჩემს გულში,
და მე არ ვჩივი, – მიხარიან, რომ ეგრეთ ჰშვრება
ჩემი ცხოვრება შენსა ფიქრში, შენს სიყვარულში.
მაგრამ, მამულო, ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არი,
ის არის მხოლოდ სავალალო და სამწუხარო,
რომ შენს მიწაზედ, ამდენ ხალხში კაცი არ არი,
რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი გავუზიარო!..
ილია ჭავჭავაძე (1837–1907)
No comments:
Post a Comment