ან-ალვაო ტანადობით

ან, ალვაო, ტანადობით, ბან ბულბულს მიგიგავს ენა; 
გან, გიელვარებს პირი, დონ, დახატული ხარ შენა; 
ენ, ელვარე, ბადრო მთვარევ, ვინ, ვის ეწყინა შენგნით წყენა; 
ზენ, ზილ კამო, გიშრის თმაო, ჱაე, ჱაერთ იწყო ფრენა; 
თან, თურან, ინ, ისარნი, სიცხოვლით დაგიწვავს შენა! 
კან, კვდარი ვარ შენის ეშხით, ლას, ლამაზო მომიგონე; 
მან, მიშვრები, თვალთა ცრემლი, ნარ ნაღვაწლიც მამიგონე; 
ჲიე, ჲინდის ხემწიფეო, ონ, ოდესმე დამიკონე; 
პარ, პირზედ გასხედან ხალნი, ჟან, ჟურვილით თვალთ მიმონებ; 
რაე, როდის ვერ გიხილე, სან სურვილმან არ მასვენა! 
ტარ, ტურფა ხარ მშვენიერი, უნ, უდროოთ გევხარ მთვარესა; 
ფარ, ფერადათ აყვავდები, ქან, ქალნი გისხედ გარესა; 
ღან, ღრუბელში ანათობ, ყარ, ყარყარობ სხვის არესა; 
შინ, შემრისხავ უმიზეზოდ, ვინ, მერ მოველ შენს არესა; 
ცან, ცუდია ეს სოფელი, ძილ, ძილმან არ მასვენა! 
წილ, წამებო, ესეც კმარა, ჭარ, ჭირადათ, ვიქმენ ხელად; 
ხან, ხილვასთან ედარები, ჯან, ჯილჯიყობ მარგალიტსა; 
ჰაე, ჵოე, როს გახშირდა, ბესიკს ესმა შენგნით წყენა!

ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)

(ბოღჩებით და ყავარჯნებით...)

ბოღჩებით და ყავარჯნებით
გრძელი სოფლის კართან ვდგავართ;
მოკლე სოფელს არ დავრჩებით,
ყველა გრძელ სოფელში წავალთ!

კეისარიც, სპასალარიც,
თვითონ რომის პაპიც თავად
(სხვა სოფელი არსად არი!) _
ყველა გრძელ სოფელში წავალთ!

ამ ტალახებს გავშორდებით,
ამ ორღობეს ლაფში ვყავართ...
მადლობა ღმერთს, გავსწორდებით,
ყველა _ გრძელ სოფელში წავალთ!


მურმან ლებანიძე

(ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ...)

ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
_ ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი...
უცებ ჭინკებით გაევსო თვალი _
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
_ საქართველოში??? _ ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი...


მურმან ლებანიძე

სევდის ბაღს

სევდის ბაღს შეველ შენაღონები: 
მოკრეფად მსურდა ვარდის კონები. 
ვარდმან შემრისხა თავ-მომწონები, 
ისარი მყორცა დასამონები, 
სრულად მიმიღო ყოვლი ღონები; 
მითხრა: „იფიქრე გულს-ნაქონები; 
მისთვის იქმნები დასაყოვნები!“ 
ვერ მივხვდი მახვილ-განაწონები ; 
მისთვის შევიქმენ ცრემლთა ფონები! 

იასა ვჰკითხე, - მუნ იდგა ნაზი: 
„ვარდსა რა ვუქმენ კართა სარაზი? 
„ამაყად მწყრალი ვნახე ლამაზი!“
მანცა გამაგდო: „გარეგან - გაზი, 
„შენგან გვაჩნია გულებსა ხაზი! 
„სიხარულიდამ დაბლა კერძ დაზი! 
„შენს გულსა ჰკითხე, მიაპყარ გაზი! 
„შენის გონებით იქნები რაზი: 
„ჩვენ დაგვთმეო და სხვას ემონები!“

რა ია გამიწყრა, ნარგიზს მივმართე, 
სისხლის ცრემლითა სიტყვანი დავრთე; 
ვეუბნებოდი: „შენ წარმიმართე 
იწროს გზის პოვნად! გზები გაქვს ფართე! 
ჩემსა ნუგეშსა ხელი შემართე: 
ვარდს მამუდარე, ალერსი ჩართე. 
შავ-გულსა ლხინი შენ მოუსართე. 
შემომითვალოს, რა უკუღმართე? 
რად მომიგონა მოუგონები?“

ნარგიზი ვნახე შებრალებითა, 
ცრემლსა სცვარვიდა მორიდებითა; 
მითხრა: „ყარიბო!“ მონაზებითა: 
„ვარდი მით არის გულ-დაკლებითა, 
„რომ შენი იყო თავ-დადებითა, -
„შენ რისთვის დაჰსთმე სხვისა ხლებითა? 
„თავი მოსწონდა, ჰყვანდი ნებითა; - 
„რად გიკვირს, გასწყრეს ცეცხლ-მოდებითა? 
„ნაცვალი მოგხვდა დანახსოვნები!“


დავბრუნდი ყოვლგნით შეუბრალები; 
ბაღის კარს დავჯექ შენაძალები, 
ცრემლით აღმევსნეს მწირნი თვალები; 
ვიყავ ბედისა დამაბრალები. 
ვინცა მნახვიდენ დამაშვრალები, 
შეიქმნებოდენ ჭირ-ნაკრძალები. 
მეც მომხვდა სოფლის მკვლელი ბრჭალები! 
ბესიკი სიკვდილს არ ვემალები, 
თავი მაქვს მისთვის შენაწონები!

ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)

ანბანთ-ქება

არს ბრძან გნომით, დავლის ეთერს, 
ვლა ზეურობს ჱელვა-თნობით, 
იალ კმობით, ლალ-მინობით, 
ნებ-ორბობით პირ-ჟირობით; 
როს სძრავს ტანსა, უქს ფერ-ქსობით, 
ღია ყელ-შლით, ჩაგრავს ცნობით; 
ძრვა წელ ჭეჭელ ხედვა-ჴმობით 
ჯილდოვანობს ჰალ-ჵოობით!

ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)

მახარობელი

წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
ისეთი ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე დავითი.
წუხელის ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ იმისთვის ცოტნე,
შენ -ორგულობავ, აბა, გაბედე
და გული ჩვენი ისევე კორტნე.
წუხელის შოთაც დაბადებულა,
დაბადებულა თურმე დემეტრე,
განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის
რა სიხარული გამოიმეტე.
წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო
ყველა გმირმა და თავდადებულმა;
დაბადებულა თურმე ვახტანგი,
წუხელ თევდორე დაბადებულა.
საქართველოს ცა ისეც მაღალი
უფრორე მეტად ამაღლებულა,
დაბადებულა მთვარე- გიორგი,
თურმე ილია დაბადებულა.
წუხელის მტერი _
ერთპირად ჩვენი
მოსპობის მდომი -დადარდებულა,
დაბადებულა თურმე სულხანი,
გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.
დაბადებულა ბიჭი პაატა,
გათენებულა წუხელის თეთრად:
დაბადებულა სამასი გმირი,
ვით დაიხოცნენ,
ისევე ერთად.
* * *
წუხელის გოგოც დაბადებულა,
ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი,
ისეთი გოგო დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე თამარი!
დაბადებულა წუხელის ნინო
და ქეთევანი დაბადებულა.
ის ბნელი ღამე თურმე უეცრად
ღვთიურის ნათლით განათებულა.
ყველა ზღაპარი - ნაოცნებარი
ახდენილა და გამართლებულა.
დაბადებულა თურმე ნესტანი
და თინათინი დაბადებულა.
და გიხაროდენ,
ქართველთა შორის
ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა
და ერთიანი, ნანატრი დროის,

ქართლი ხელახლა დაბადებულა...

ანზორ აბულაშვილი

ლურჯა ცხენები

როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი, 
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში! 
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი, 
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე. 

მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში 
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა! 
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში, 
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია. 

შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით 
უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან! 
სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით 
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან! 

იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება: 
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში; 
გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება, 
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში. 

ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი, 
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები! 
ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია! 
ახლა კი სამარეა შენი განსასვენები! 

რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის, შენს სახელს? 
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს? 
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში, 
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს! 

მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა: 
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება! 
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით 
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება. 

მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში, 
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები, 
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი, 
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!

გალაკტიონ ტაბიძე

მე და გალაკტიონი

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩეში უფრო ანგელოზია....


ტერენტი გრანელი

კრწანისის ყაყაჩოები(სამასი არაგველის სხოვნას)

ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?
იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღვრიალა?
ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.



ლადო ასათიანი

1940

ჩივილი ხმლისა

- დაჰჟანგებულხარ, გორდაო,
დაგობებია ქარქაში.
სადა გყავს შენი პატრონი,
დაგაწყებინოს კაშკაში?
- სადღა მყავს, ძმაო, პატრონი:
შამქორს გავწირე მკვდარია,
ორმოცგან სჭირდა ნახმლევი,
სდიოდა სისხლის ღვარია.
ომში წინ წასვლა უყვარდა,
ხელთ დაბღუჯვილი ფარია;
არას დასდევდა სიკვდილსა,
ოღომც არ შარცხვეს ჯარია,
მეფის თამარის გვირგვინი,
ქართველთ სამეფო გვარია.
ეხლა უშნოდ ვარ... დამკიდეს
ლაჩართ კედელზე უქმადა;
ვისღა სცალია ჩემთვისა,
ქვეყანა იქცა დუქნადა.
გადამაგდებენ გირაოდ...
და გზირ-ნაცვლების ხელითა
ქვეყანა მხედავს მდებარეს
„არშინის“, „ჩოთქის“ გვერდითა.
შვიდასი წელი გამიხდა,
არ გავპოხილვარ დუმითა,
არ ვულესივარ ქართველსა
დაღიღინებით ჩუმითა.
მისი ხმა აღარ მსმენია:
„გასჭერ, გამიშვი წინაო,
თუ სახელს არ მაშოვნინებ,
როგორ დავბრუნდე შინაო!“ 


ვაჟა-ფშაველა

1890

არწივი

არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა,
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.

ვჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა!


ვაჟა-ფშაველა

გურიის მთებს

წინ, მეეტლევ!
ეგ ცხენები გააქანე, გააქანე!
მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხულის მთები მწვანე,
მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა
ოკეანე...
წამიყვანე!
მთები! როგორ შვენის მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი,
როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭვირვალე, როგორც ბროლი.
ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,
რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი.
კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს,
ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს,
წყარო, კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება,
დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება, ეხეთქება.
და ჩანჩქერი, მთით ნასხლეტი, დაფერილი დილის სხივით,
ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით.
ვდგავარ მთაზე... და სიჩუმის იდუმალი მესმის ენა
და მიტაცებს სწრაფი ფრთებით პოეტური აღმაფრენა.
ვხედავ სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს,
ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს.
ჩუმად! ვიღაც მღერის მთაზე... რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში,
არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში,
არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი,
არსად ისე არ გადმოხეთქს უკმარობის ნიაღვარი,
და არსად მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით,
ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით.
ვერსად ისე ვერვინ გაგხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში,
როგორც ლერწამ-ქალწულები აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში.
და, მეეტლევ,
თუ მათ ალერსს ვერ ვეღირსე, გეთაყვანე,
საალერსოდ ისევ მიწვევს გაზაფხულის მთები მწვანე...
მაშ, გარეკე ეგ ცხენები,
სადმე შორს, შორს წაიყვანე,
გამაქანე,
გამაქანე!


გალაკტიონ ტაბიძე