ტანო ტატანო

ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! 
ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო! 
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო! 
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო! 
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო! 
2 თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად, 
ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად, 
გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად, 
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად, 
მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო! 
3 ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი, 
მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი, 
ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი; 
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი. 
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო! 
4 ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო! 
თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო! 
გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო? 
თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო? 
უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო! 
5 შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს: 
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს! 
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს, 
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს! 
ვაჲ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!


ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)

საქართველოში

საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ… წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით, სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.

საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
ეჰ… წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.

რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!


1939
ლადო ასათიანი

მამული

ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა 
არ გავიარე - რაა მამული! 
წინაპართაგან წავიდა ყველა, 
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

გაშალა ველი ნელმა ნიავმა 
და მელანდება მე მის წიაღში, 
მოხუცი მამა, მოხუცი მამა 
სასხლავით ხელში დადის ვენახში.

აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი 
მასზე ოცნებას დაემგვანება, 
ისევ ამწვანდა მდელო და კორდი! 
დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!


  გალაკტიონ ტაბიძე

წამყე ბეთანიისაკენ!

წამყე ბეთანიისაკენ.
იქ, სადღაცა, ახლომახლო, 
იყო ორბელიანების 
და ირაკლის სამოსახლო.
გზაზე, სადაც ცაცხვებია
და მუხნარი უმეტესი, 
არსად ქვეყნად არ მინახავს 
ადგილები უკეთესი!ადგილები, ასე მშვენი ვარდისაგან, იისაგან... 
სანადირო ადგილები... 
წამყე ბეთანიისაკენ!
მოდი, სადმე უდაბური ვპოვოთ კუთხე ქედმომაღლო, 
გადმოვხედოთ მაღლით თბილისს - 
მე აქ უნდა დავესახლო! 
წამყე ბეთანიისაკენ! იქ, სადღაცა, ახლომახლო, 
იყო ორბელიანების 
და ირაკლის სამოსახლო.


1930
გალაკტიონ ტაბიძე

(გაგონდება თუ არა...)

გაგონდება თუ არა 
კარალეთის დღეები, 
მთების ლურჯი კამარა - 
უცხო სამოთხეები? 

კიდევ შეგრჩა თუ არა 
მხიარული თვალები? 
თუ დრომ გადაუარა 
და ჩაუქრო ალები? 

მივდიოდით მხარდამხარ 
და დრო გვეუარესა, 
აწ არ ვიცი სადა ხარ 
და რომელსა მხარესა. 

1916
გალაკტიონ ტაბიძე

ნინოწმინდის ღამე

ნინოწმინდა… პალატები მეფეთა…
გალავანში - ჯამი აქაფებული;
შენი სახე რისთვის შემომეფეთა,
ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული…

საზანდარმა ღამე ააცახცახა,
ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა,
ცა - ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,
და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა.

ნინოწმინდა… ჩვენ, როგორც ხაზარები…
ო, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!

როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,
სიყვარული ისე დამჯახებია!
მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს
და სიყვარულს ათაბაგის ქალისას;
ძუძუები ოქროს კალმახებია,
წამწამები აქვს თავთუხის ყანისა…

წინანდალის ვაზი აყვავებული,
ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა,
აფრენილი ბაზიერის დაფითა,
დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული!

ნინოწმინდა… ჩვენ როგორ ხაზარები…
ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ!


1926
გიორგი ლეონიძე

არ დაიდარდო, დედაო...

(შემოკლებით)

1943 წლის ნოემბერში ტამანის ნახევარკუნძულზე 
ვინახულე უცნობი ქართველი მეომრის საფლავი, 
ლევანი რქმეოდა.

ღიმილის ბიჭი ვიყავი,
ბეჭზედ არწივი მეხატა,
ცხრამეტი წლისა შევსრულდი,
ოცი არ გადამეხადა,
სამშობლოს დროშა მეჭირა,
მტერს ვეცემოდი მეხადა!

ვისაც უნდოდა, ქართველი
რომ გამხდარიყო ხიზანი,
დავკარი, ვიყავ მართალი,
ვით ჩემი ტყვიის მიზანი...

ნუ დაიდარდებ, დედაო,
მწარე სიკვდილის სევდასა.
დღეო, გადიდდი, გადიდდი,
შვილი ეყრება დედასა!

არ დაიდარდო, დედაო,
რაც მე სიკვდილით გაწყინე;
მე შენი ძუძუს ნათელი
საქვეყნოდ გამოვაბრწყინე.

მე გაგიხუნე ლეჩაქი,
მაგრამ დაგხურე შუქური,
სამშობლოსათვის დავთხიე
სისხლ-ცვარი სიჭაბუკური.

მე არ დამკარგავს სამშობლო,
სულ ვეხსომები ლევანი,
სანამდის საქართველოში
იწურებოდეს მტევანი...

ცხრა ძმათ მეათედ მიმიღეს,
პირზე მაყარეს ვარდები,
დაჭრილს, დამძრალს და გზადაღლილს
დამხურეს მუზარადები.

თუ გაუჭირდა სამშობლოს,
კვლავ ცეცხლით დავიდაგებით,
ჩვენ გამოვამტვრევთ საფლავებს,
ხმლით ქართლის მთებზე დავდგებით.

არ დაიდარდო, დედაო,
ნუ მიეცემი სევდასა.
დღეო, გადიდდი, გადიდდი,
შვილი ეყრება დედასა!


1944
გიორგი ლეონიძე

არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

ყველა ხევსური და ყველა სვანი, 
ქართველი ქალი თვალებმაყვალა, 
ჩემი თბილისი და ფიროსმანი, 
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა! 

მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა, 
ცოცხალი არვინ არ მიიკარა, 
მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ 
და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას. 

ძილგატეხილი და არეული 
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას, 
მერე შეკრთება, ვით მთვარეული 
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს. 

ქართული ზეცა, ქართული ზვარი, 
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა… 
ჩემი თბილისი და ფიროსმანი, 
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა! 


ლადო ასათიანი
1939

სალაღობო

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი,
მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული
და მოქნეული გავაზივითა.

ხომ ლამაზია ეს საქართველო,
მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
-ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა.

“კაცის გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა: 
რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, 
მაინც ენატრება სხვისა!”

დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს, 

გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს! 

გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას, 
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!

დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,

ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია!

დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!
დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!

დაუკარით! და იმღერეთ შადიანი,
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.
დაუკარით ძველებური დარდიანი,
დაუკარით არწივების ასაფრენი!

ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,
დავიღლები საქართველოს სიყვარულში,
სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!

დაუკარით! მოასწარით, თორემ ჰერი...
და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება,
დაუკარით ძველებური მოსალხენი:
- შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!

დაუკარით ძველებური ლოთიანი,
საათნოვა რომ მღეროდა შაითანთან,
დაუკარით! განა ყველა ლოთი არი?!
განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?!

დაუკარით ძველებური ლოთიანი,
თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება,
გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი,
წრფელი გული, ცხელი გული გაცივდება!

”ვაჟკაცსა გული რკინისა,
აბჯარი თუნდა ხისანი,
თვალნი ქორებულ მხედავნი,
ზედ მუხლნი შავარდნისანი”.

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი,
მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული
და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო,
მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
-ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა.

ლადო ასათიანი

1940